2024 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეკომპანია “ფორმულა” 5 ათასი ლარით დააჯარიმა ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და ეთერში პარტიის ვიდეორგოლის განთავსების გამო.
სასამართლომ ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიის ოქმის საფუძველზე მიიღო. კომისიამ ტელეკომპანიას ოქმი 10 ოქტომბერს შეუდგინა.
“საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით სარგებლობს. ტელეკომპანია “ფორმულამ” Edison Research-ის კვლევით იხელმძღვანელა, სადაც პარტიას “გახარია საქართველოსთვის” 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა. მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანიას კვლევის შედეგების შემოწმება მოსთხოვა.
“მარეგულირებელმა ფაქტობრივად დაგვავალა, რომ Edison Research-ის კვლევის აუდიტირება და მისი შემოწმება მოგვეხდინა. ჩვენ, ცხადია, ვენდობით Edison-ის მონაცემებს და ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას, რომ მათი მონაცემები გადამოწმდეს”, – ამბობს “რადიო თავისუფლებასთან” ტელეკომპანიის დირექტორი ზუკა გუმბარიძე.
როგორც კომისიის განცხადებიდან იკითხება, ტელეკომპანია სამართალდამრღვევად სწორედ ამ დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო სცნეს.
ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენის” განცხადებით, Edison Research-ის კვლევის აუდიტს, რასაც კომუნიკაციების კომისია მოითხოვს მაუწყებლისგან, კანონი არ ითვალისწინებს. “კომუნიკაციების კომისიისა და თბილისის საქალაქო საამართლოს მიერ კრიტიკული მედიის უსაფუძვლოდ დასჯა მედიის რეგულირების პროცესში ხელისუფლების ინტერესის გატარების კიდევ ერთი მაგალიათია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“აღნიშნული გადაწყვეტილება მორიგი დასტურია სისტემური მიკერძოებისა, რომელიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და წინასაარჩევნოდ მედიის დასჯის მცდელობას წარმოადგენს”, – წერს განცხადებაში “მედიის ადვოკატირების კოალიცია”
ბოლო ორ თვეში, ეს არის ტელეკომპანიის დაჯარიმების მეოთხე შემთხვევა. წინა სამ შემთხვევაში “ფორმულა” მმართველი პარტიის სარეკლამო რგოლის არგანთავსების გამო დააჯარიმეს.