შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მორიგი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო.

ამჯერად, შსს-ს ჟურნალისტს 2025 წლის 11 იანვარს – მისი დაკავების საღამოს – ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას და იერსახის დამახინჯებას ედავება.

4 თვეზე მეტი გავიდა  მზია ამაღლობელის დაკავებიდან. ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.