2024 წლის 14 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს, გიორგი ჟამერაშვილს, პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტს საბა სორდიას კი სხვა პოლიციელმა კამერა წაართვა და მუშაობაში ხელი შეუშალა.
ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ე.წ “რუსული კანონი”. პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, ფოტორეპორტიორი და ჟურნალისტი კი ადგილზე მიმდინარე ამბებს აშუქებდნენ.
“რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ფოტორეპორტიორი გიორგი ჟამერა
შვილი ჰყვება, რომ ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მას ხელი ჰკრა, ფეხის არეში ხელკეტი დაარტყა, მანამდე კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეომასალაში, რომელიც შემთხვევის ადგილზე მყოფმა სტუდია “მონიტორის” რეპორტიორმა გადაიღო, ჩანს როგორ ურტყამს პოლიციელი ხელკეტს ფოტორეპორტიორს.
რაც შეეცხება ჟურნალისტ საბა სორდიას, გამოცემა “ნეტგაზეთთან” იგი მომხდარს ასე აღწერს: „პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან ვიდექი და ვიღებდი. ხელში მეკავა GoPro-ს მცირე ზომის კამერა. მოულოდნელად პოლიციელმა წამგლიჯა ხელიდან. უცებ დავუძახე, რომ ჟურნალისტი ვარ, ვიღებ, მაღლა ავწიე ჩაფხუტი, რომელზეც მაწერია „პრესა“, თუმცა უშედეგოდ, კამერა არ დამიბრუნეს”.
ჟურნალისტი დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და აცნობა მომხდარი ინციდენტის შესახებ. ასევე, გამოიძახა პატრული, რომელმაც ის გამოჰკითხა და ოქმი შეადგინა. გარდა ამისა, მან ინფორმაცია მიაწოდა შსს-ს გენერალურ ინსპექციას. თუმცა, უწყებიდან ჟურნალისტს არავის დაკავშირებია. არც კამერა დაუბრუნებიათ გამოცემისთვის.
მომხდარს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების გაშუქება ჟურნალისტებს ძალადობრივ გარემოში უწევთ.