2024 წლის 16 სექტემბერს, ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს. ანდრეი მიალეშკა საქართველოში, კერძოდ, ბათუმში სამი წელია, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. იგი ქვეყანაში ქალიშვილთან ერთად ვარშავიდან ბრუნდებოდა და უკანვე, ვარშავაში გააბრუნეს.
“რადიო თავისუფლების” ბელარუსულ სამსახურთან ჟურნალისტი ჰყვება, რომ მას აეროპორტში პასპორტი ჩამოართვეს, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ცალკე ოთახში გაიყვანეს, შემდეგ კი მისცეს “რაღაც ფურცელი”, რომელზეც ეწერა, რომ მას ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა.
მიზეზი, თუ რატომ არ შემოუშვეს ბელარუსი ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიაზე, უცნობია. დოკუმენტში, რომელიც მიალეშკას აეროპორტში გადასცეს, დაკონკრეტების გარეშე, “სხვა მიზეზებია” მითითებული.
იმავე დღეს, ვარშავის “რეისის” ლოდინში, ბელარუს ჟურნალისტს ქუთაისის აეროპორტში, მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, რამდენიმე საათი შეუსაბამო პირობებში მოუხდა ლოდინი. ჟურნალისტმა ამის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა.
როგორც “რადიო თავისუფლების” ბელარუსული სამსახური წერს, ანდრეი მიალეშკა საქართველოში 2021 წელს, მის ქვეყანაში დაწყებულ პოლიტიკურ დევნას გამოექცა. მისი მეუღლე ბათუმში “საერთაშორისო განათლების ცენტრშია” დასაქმებული, ხოლო შვილები ბელარუსულ-უკრაინულ სკოლაში ონლაინ-რეჟიმში სწავლობენ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს უცხოელი ჟურნალისტებისთვის საქართველოში შემოსვლის უკანონო და გაუმართლებელი აკრძალვის შემთხვევებს.
“მმართველი პარტიის მუდმივი მცდელობა, ხელი შეუშალოს ჟურნალისტების ქვეყანაში შესვლას, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს და მნიშვნელოვანი შემაფერხებელია ანგარიშვალდებულებისთვის, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი საზოგადოებისთვის”, – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.