ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წაყვანის უფლება დროებით შეუჩერდა

2025 წლის 4 თებერვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, 18 საათიანი მოამბის წამყვანს,  ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, დროებით შეუჩერა გადაცემის წაყვანის უფლება.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა თავად ჟურნალისტმა. წამყვანობის შეჩერების მიზეზი „მოამბის” პროდიუსერების მიერ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმაა.

“მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე. ოფიციალური პოზიცია – როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც “მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი” – დაწერა ჟურნალისტმა. 

ფაქტს გამოეხმაურა “მედიის ადვოკატირების კოალიცია” და სოლიდარობა გამოუცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და ყველა მის კოლეგას, რომლებიც იბრძვიან მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტიკისათვის.

“მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის დროებით შეჩერებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმება” – წერია განცხადებაში.  

Update: 2025 წლის 26 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება “მოამბე” ვასილ-ივანოვ ჩიქოვანის ნაცვლად, ახალმა დიქტორმა ლაშა ბერძენიშვილმა წაიყვანა.