ავტორიტარული რეჟიმების დიფუზია და რუსული სახელმძღვანელო

ყირგიზეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინას რეპუბლიკა სერბსკაში, საქართველოსა და სლოვაკეთში, თითქმის ერთდროულად დაინიცირდა, ან აქტიურად გაგრძელდა მუშაობა  ერთმანეთის მსგავს 4  კანონმდებლობაზე. ოთხ სხვადასხვა სახელმწიფოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე მუშაობას იდენტური და მძლავრი დეზინფორმაციული ნარატივები ახლდა თან.  

2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთის მძიმე ტექნიკა უკრაინისკენ დაიძრა, ევროპის ქვეყნებიდან პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით კიევს აგრესორი  მეზობლის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებდნენ. მაშინ სლოვაკი პოლიტიკოსის განცხადებამ ევროპელ კოლეგებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ეს პოლიტიკოსი  რობერტ ფიცო იყო, რომელმაც 2023 წელს არჩევნები მოიგო და  ცენტრალური ევროპის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში ფიცომ ნატოს ჯარისკაცები ნაცისტების ჯარს შეადარა, ხოლო უკრაინაში კრემლის ფართომასშტაბიან ომს  შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტი უწოდა.  

მსგავსი პოზიცია ევროპელ პოლიტიკოსებს შორის მაშინ მხოლოდ ფიცოს არ ჰქონია. 3 მარტს ბოსნიელ სერბთა ლიდერმა, მილორად დოდიკმა, რომელიც კრემლთან ახლო ურთიერთობებით ცნობილია, სცადა, ბოსნიისთვის ხელი შეეშალა,რომ რუსეთის აგრესია არ დაეგმო.  როგორც ადგილობრიცი მედია იუწყებოდა, დოდიკმა გაეროს გენერალურ მდივანს რუსეთის მისიის დახმარებით წერილი გაუგზავნა და სთხოვა, რომ ბოსნიელი ელჩისთვის რეზოლუციაზე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან, მისი თქმით, საერთო პოზიციაზე შეთანხმებული არ იყვნენ.   

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მალევე ყურადღების ცენტრში მოექცა ყირგიზეთიც. პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა მაშინ თქვა, რომ „დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად რუსეთის შეჭრა, სავარაუდოდ, საჭირო იყო“.  

მაშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთი რადიკალური შეფასებები არ ჰქონიათ, თუმცა, ბევრმა, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს მიღმაც, მაშინდელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იდენტურ გზავნილად აღიქვა.  „საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში”, განაცხადა ღარიბაშვილმა. ხელისუფლებასთან აფილირებული პირები კი ამბობდნენ, რომ დასავლეთმა უკრაინა რუსეთის პირისპირ მიატოვა. მოგვიანებით, მმართველი პარტიის რიტორიკა რუსეთთან მიმართებით კიდევ უფრო შერბილდა, დასავლეთთან ურთიერთობები კი შესამჩნევად გამწვავდა.  

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, ამ ოთხმა ტერიტორიამ კიდევ ერთხელ მიიპყრო განსაკუთრებული საერთაშორისო ყურადღება,  ყირგიზეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინას რეპუბლიკა სერბსკაში, საქართველოსა და სლოვაკეთში, თითქმის ერთდროულად დაინიცირდა ან აქტიურად გაგრძელდა მუშაობა  ერთმანეთის მსგავს 4  კანონმდებლობაზე.  

იხილეთ ანგარიში სრულად: