“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

2024 წლის 7 დეკემბერს, გვიან საღამოს, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, უცნობი პირები დაესხნენ თავს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში მუშაობდა. ისინი აშუქებდნენ როგორ უსაფრდებოდნენ და ესხმოდნენ უცნობი პირები თავს მოქალაქეებს.

ვიდეომასალაში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გავრცელდა, ჩანს, რომ უცნობი, ნიღბიანი პირი მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ეპარება, თავში ურტყამს და შემდეგ ძირს აგდებს. პარალელურად, რამდენიმე ადამიანი სასტიკად უსწორდება  ძირს დაცემულ ოპერატორს გიორგი შეწირულს. გადამღებ ჯგუფს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.  

“მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ, რას აშუქებთ თქვე ბო*ებო? პატრული აქ იდგა, ამ ადგილას და აქ მოხდა შემთხვევა. რეაგირება არ მოახერხეს, უბრალოდ წავიდნენ. დაგვესხნენ თავს, გვირტყეს, მაროდიორები არიან შავი ნიღბებით”- ამბობს მაკა ჩიხლაძე.

საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება.