გამოცემა Sova დომენის დაბლოკვისა და მისი სახელით რუსული პროპაგანდის გავრცელების შესახებ იუწყება

რუსულენოვან გამოცემა Sova News-ს 2024  წლის ივლისში დომენზე წვდომა დაებლოკა, ოქტომბრიდან კი, Sova-ს სახელით იგივე დომენიდან ვიღაცამ პრორუსული პროპაგანდის გავრცელება დაიწყო.

სარედაქციო განცხადებაში Sova მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მისამართი Sova.news, რომლითაც წლები სარგებლობდნენ, მათ აღარ ეკუთვნით. მუშაობის გასაგრძელებლად გამოცემამ ახალი დომენი Sovanews.tv აიღო.

“თუ ვიმსჯელებთ საიტის ახალი შინაარსით, რომელიც იყენებს ჩვენი იურიდიული პირის სახელს Sova.News, რესურსის ირგვლივ მანიპულაციების უკან რუსული პროპაგანდა დგას, რომელიც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი აუდიტორია”, – ვკითხულობთ სარედაქციო წერილში.

გამოცემა ამ დრომდე ცდილობს მომხდარის მიზეზების გარკვევას და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.