სამ ჟურნალისტს საპარლამენტო აკრედიტაცია შეუჩერეს

2024 წლის 3 და 4 ივნისს საქართველოს პარლამენტმა “ტელეკომპანია პირველის”, “მთავარი არხის” და “ფორმულას” ჟურნალისტებს აკრედიტაციები შეუჩერა, რის გამოც ნატა ქაჯაიას, ნინი ბალანჩივაძეს და სოფო გოზალიშვილს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება შეეზღუდათ.

“ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას აკრედიტაცია ერთი თვით „ხალხის ძალის“ დეპუტატის, სოზარ სუბარის, მიმართვის საფუძველზე 3 ივნისს შეუჩერდა. ჟურნალისტი დეპუტატს ე.წ. “რუსულ კანონთან” დაკავშირებით უსვამდა შეკითხვას.

ამავე დღეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა “ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს. ჟურნალისტს აინტერესებდა რატომ უჭერენ პარლამენტარები, მათ შორის ნინო წილოსანი, მხარს “რუსულ კანონს”, მაშინ როცა მათი შვილები განათლებას საზღვარგარეთ იღებენ და ხშირად საცხოვრებლადაც აშშ-ში ან ევროპაში მიდიან.

Ნინო წილოსანის მოთხოვნით, 4 ივნისს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფო გოზალიშვილსაც.

სამივე ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანების საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვითაც აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. მათი შეფასებით, პარლამენტი განაგრძობს მისი თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული წესის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენებას.