2025 წლის 17 აპრილს, გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, 2500 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ჟურნალისტი 6 აპრილს, თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ დააკავეს. დაკავების მომენტში საბა სორდია ჟურნალისტურ მოვალეობას არ ასრულებდა. მისი იურისტის, მარიამ ყაველაშვილის განმარტებით, ჟურნალისტი მას შემდეგ დააკავეს, რაც “ზედაპირული დათვალიერების” ფარგლებში გაჩერებულს, პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ ჩანთის შიგთავსის სრულად ნახვა მოსთხოვეს. ჟურნალისტმა უთხრა, რომ ის თვითონ გახსნიდა ჩანთის ჯიბეებს. ეს ჩაუთვალეს მას დაუმორჩილებლობაში. ამ დროს პოლიციამ უკვე იცოდა, რომ საბა სორდია პროფესიით ჟურნალისტი იყო.
დაკავების შემდეგ საბა სორდიამ 48 საათი გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში. მან თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში, საყურის გამო, მისი დამცირება სცადეს. ჟურნალისტს ჩამოართვეს სამსახურის კუთვნილი კამერა GoPro-ც. საბა სორდიას საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 8 აპრილს გაიმართა. განაჩენი კი 17 აპრილს გამოაცხადეს.
“მედიის ადვოკატირების კოალიცია” მიიჩნევს, რომ ეს არის მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი შემთხვევა.