“ნეტგაზეთი”/”ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორი პატიმრობაში დატოვეს

გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება, 2025 წლის 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვასილ მეტრეველმა მიიღო. ამ დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მედიამენეჯერის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და  მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებაც იმსჯელა.

“ნეტგაზეთი”/”ბათუმლების” დამფუძნებლის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად იგი  დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.  მაგრამ, გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. როგორც გამოცემა “ნეტგაზეთი” წერს, ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ “მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად  ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა”.