2024 წლის 11 ოქტომბერს, ტელევიზიები “ფორმულა”, “TV პირველი” და “მთავარი არხი” საქალაქო სასამართლომ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში არ გაშვების გამო. ეს მაუწყებლებისთვის, ბოლო ორ თვეში, ერთი და იმავე მიზეზით დაკისრებული მესამე ჯარიმაა და გადასახდელი თანხა, თითოეული ტელევიზიისთვის, უკვე 15 000 ლარს შეადგენს.
მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ამ ტელევიზიებისგან ითხოვს ეთერში გაუშვან მისი პოლიტიკური რეკლამა – “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”.
5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც განმარტებული იყო, რატომ არ აპირებდნენ რეკლამის განთავსებას ეთერში:
“მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე”, – ნათქვამი იყო ტელევიზიების განცხადებაში.
მიუხედავად ამ განცხადებისა, 9 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო და ოქმები შეუდგინა. კომისია განცხადებაში უთითებს, რომ “ვიდეორგოლი არ შეიცავს არც ომის პროპაგანდას და არც ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას, რაზეც მაუწყებლები ამახვილებენ ყურადღებას”.
ორგანიზაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“ მაუწყებლებს სოლიდარობას უცხადებენ და „ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლებისთვის იმ საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვების დავალდებულებას, რომელშიც „უკრაინელი ხალხის ტრაგედია სპეკულაციურად, საარჩევნო მიზნებისთვის არის გამოყენებული“, კრიტიკულად აფასებენ.
ტელევიზიებს მხარდაჭერა გამოუცხადა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც”.
მომხდარზე განცხადება გაავრცელა “მედიის ადვოკატირების კოალიციამ”. “ეს სადამსჯელო ზომები არა მხოლოდ არღვევს მედიის დამოუკიდებლობას, არამედ აძლიერებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც შეესაბამება მმართველი პარტიის დღის წესრიგს”, – ნათქვამია განცხადებაში