“TV მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფს კერძო პირები დაესხნენ თავს

2024 წლის 25 ივლისს, შიდა ქართლის ადგილობრივი ტელევიზიის “TV მონიტორინგის” ჟურნალისტებს ბექა პირველსა და შოთა სადაღაშვილს, დიდუბის ავტოსადგურში მძღოლები დაესხნენ თავს.

თავდასხმის საბაბი გახდა სიუჟეტი, რომელიც “TV მონიტორინგის” ეთერში 23 ივლისს გავიდა. რეპორტაჟში გორი – თბილისისა და თბილისი – გორის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში არსებული არასახარბიელო ვითარებაა აღწერილი. სავარაუდოდ, აღნიშნულმა გამოიწვია მძღოლების უკმაყოფილება.

თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს მგზავრობის საშუალება არ მისცეს. ისინი ჟურნალისტებს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ბექა პირველს მიღებული აქვს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის თავის არეში, ხოლო შოთა სადაღაშვილს ხელი აქვს ნაღრძობი. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

“ბილეთები ავიღეთ, ავდიოდით მარშუტკაში, ამ დროს მძღოლმა დაგვიძახა, გვიცნო სავარაუდოდ, თქვენ არაკაცები ხართო, კაცურ საქციელში იჭრებითო, რატომ აკეთებთ ეგეთ რაღაცებსო… შემდეგ აღარ წაგიყვანოთო, ფული დაგვიბრუნა და აღარ მიმყავხართ აქედანო. საშინელი ენით გვაგინებდა. ჩანთები რომ ჩამოგვიყარა მაგის გადაღება დავიწყე, გადაღება დავიწყე თუ არა, იმ წამს ხუთი კაცი დაგვესია, ვინ სად გვირტყამდა, ახლაც ვერ ვიაზრებ, მარტო ის მახსოვს, რომ შუაში მომიმწყვდიეს და თავში მირტყამდნენ გამეტებით, წიხლებს და ხელებს, ყველაფერს…. სავარაუდოდ, მეუბნებიან, რომ ჰემატომაა თავის ტვინის”, – ყვება ბექა პირველი. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. “მედიაჩეკერის” ინფორმაციით, უწყებამ ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვაზე დაიბარა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაგმო თავდასხმა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს “TV მონიტორინგის” ჟურნალისტებზე თავდასხმის სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდა.

“დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელია ჟურნალისტების დევნა და მათზე ანგარიშსწორება ჟურნალისტურ  ნამუშევრებში გამოთქმული კრიტიკული შეფასებების გამო. ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.