1-2 დეკემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 11 წარმომადგენელს

2024 წლის 2 დეკემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა სხვადასხვა მედიის 11 წარმომადგენელი. სამი დღის განმავლობაში, ჯამში, 59 შემთხვევა იყო, როცა ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა და ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. რამდენიმე მათგანი დააკავეს.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:

  • აქციის დაშლის დროს, მეტრო “რუსთაველში”, პოლიციამ დააკავა ონლაინგამოცემა „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი პოლიციელებს ეუბნება, რომ ჟურნალისტია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც აკავებენ.

  • მეტრო „რუსთაველთან“ აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, რა დროსაც პოლიციელმა მას ხელი ჰკრა და ტელეფონი გააგდებინა, რომლითაც ის ვიდეოს იღებდა.

  • OC MEDIA-ს რედაქტორი  მარიამ ნიკურაძე პოლიციელმა კედელს მიანარცხა, რა დროსაც დაზიანდა ჟურნალისტის კამერაც. მარიამ ნიკურაძე რამდენიმე დღის წინაც დაზარალდა საპროტესტო აქციის გაშუქებისას.

  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხში დაიჭრა პრო-სამთავრობო ტელევიზიის „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტს, სავარაუდოდ, ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდარუსთავი 2“-ის ოპერატორი გიორგი ნერგაძე. მას ადგილზე სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება.

  • აქციაზე დაშავდაTV პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. ჟურნალისტის თქმით, მას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს. ოპერატორს ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება. ასევე, „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, კოკაიასთან ერთად, დაშავდა ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილიც.

  • ბესიკის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბიზნეს ცენტრში შესული მოქალაქეების დაკავებას იღებდა  “TV პირველი“, როცა ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენლები დაემუქრნენ, უთხრეს, კადრები არ გადაეღო. 

  • ონლაინმედია “აპრილის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა. ბასხაჯაური აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნენ.
  • ასევე დაშავდა მირიან მელაძე, ფოტორეპორტიორი – მელაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაშავებული ფეხის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს ფაქტი სამი დღის წინ მოხდა. 
  • ონლაინ მედია “პუბლიკის” ინფორმაციით, აქციაზე ცრემლსადენი გაზით დაშავდა პროპაგანდისტული პრო-სამთავრობო მედიის POST TV-ის თანამშრომელი გურანდა ბილიხოძე.

საპროტესტო აქციებზე 29, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერსაც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.