29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 9 წარმომადგენელს

2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას კიდევ 9 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში შეეშალა ხელი.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:

  • მძიმედ დაშავდაTV პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარიამ გაფრინდაშვილმა რამდენჯერმე გონება დაკარგა. ვიდეოში ჩანს, რომ ჟურნალისტს შუბლიდან სისხლი სდის. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს.

  • აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენTV პირველის” ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს.

  • ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ანა მსხალაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სპეცრაზმმა ხელი დაარტყა და ტელეფონი წაართვა. ანა მსხალაძე ამბობს, რომ მოქალაქეების დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ. დაკარგულია მისი ტელეფონი.

  • პარლამენტთან მიმდინარე აქციის გაშუქების დროს პოლიციამ იძალადა RealPolitika-ს ჟურნალისტ აკა ზარქუაზეც. “10-მდე სპეცრაზმელმა წრეში მომაქცია და მირტყეს, სანამ არ მოჰბეზრდათ, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არაფერს ვამბობ. რაღაც ეტაპზე მეთაური მოვიდა, რომელიც ცდილობდა ბეიჯი პირში ჩაეტენა. საბედნიეროდ ტელეფონი ვერ წამართვეს და ლაივი დევს RealPolitika-ს გვერდზე. ვიდეოში სამწუხაროდ ფიზიკური ანგარიშსწორების ერთი სერია ჩანს, მეორეს დროს ტელეფონი ჯიბეში მედო და ვერ გადაიღო. აირწინაღი წამართვეს. კიდევ კარგი ჩაფხუტი მეკეთა“, – წერს ჟურნალისტი.

  • ფიზიკურად გაუსწორდნენ ფოტოგრაფს, გიორგი გამგებელს. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ფოტოგრაფს წაართვეს და დაუმტვრიეს აპარატურაც. “ფეხი მომტეხეს, მირტყეს ყველა, აპარატი მომწყვიტეს და წამარათვეს, ხალხმა ძლივს მიმათრია სასწრაფომდე“, – წერს ფოტოგრაფი.
  • აქციაზე აგრეთვე დაშავდა პირველი არხის ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი.
  • ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, სპეცრაზმელები თავს დაესხნენ ჟურნალისტს, ნუცა ბახუტაშვილსა და მის ოპერატორს, ირაკლი ბართავას. ტელეკომპანიის მიხედვით, ჟურნალისტმა მიიღო ტვინის შერყევა.
  • ფიოდორ ხუდოკორმოვი, რუსი ჟურნალისტი – Paper Kartuli-ის ინფორმაციით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, როცა სპეცრაზმი მომიტინგეებს აწვებოდა, ნიღბიანმა მამაკაცმა, სავარაუდოდ ძალოვანმა, მას ხელი ჰკრა.

“მედიაომბუდსმენმა” მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა. ასევე, თითოეულ ფაქტთან, დაკავშირებით მივმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება; ასევე, მედიაომბუდსმენი ითხოვს საქმეებს მიენიჭოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი) და დევნის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი) კვალიფიკაცია და ჟურნალისტების საქმეები არ გააერთიანოს სხვა დაზარალებულების საქმეებთან.

საპროტესტო აქციებზე 29 ნოემბერსაც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.