2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას 35 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში შეეშალა ხელი. აქციაზე მყოფი რეპორტიორების მონათხრობით, სპეცრაზმი მათ დამიზნებით უშენდა წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლს, ზოგ მათგანს კი ფიზიკურად უსწორდებოდა.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
- მძიმედ დაშავდა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი გურამ როგავა. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მუშაობდა, რა დროსაც მას სპეცრაზმელმა დაარტყა, რის გამოც ჟურნალისტი დაეცა. მან დაზიანებები მიიღო თავის არეში. კადრებში ჩანს ძირს დაცემული ჟურნალისტი, რომელსაც სისხლი სდის. მოგვიანებით იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქამდე როგავას, ასევე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს, პოლიციელებმა მუშაობაში შეუშალეს ხელი. კადრებში, რომელიც ამ დროს ეთერში გადიოდა, ჩანს, რომ პოლიციელებს ჟურნალისტი იძულებით გაჰყავთ ტერიტორიიდან, ამავე დროს, ხელს აფარებენ კამერას და ხელს უშლიან გადაღებაში ოპერატორსაც.
- აქციაზე დაშავდა “ფორმულას“ ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე, ასევე ოპერატორი თედო ქვაჩახია. წიწაკის სპრეი შეასხეს ჟურნალისტ ხატია სამხარაძესაც.
- ტექნიკა დაუზიანდა ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციას აშუქებდა. ამის შესახებ თამარ თედიაშვილმა პირდაპირი ჩართვისას თქვა.
- ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს, კამერა წაართვეს და სცემეს. მოგვიანებით იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და შესამოწმებლად სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. “ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ კორიდორში გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში. წამართვეს კამერები, ბეიჯი, აირწინაღი. ასე ხელიდან ხელში გადავყავდი და ყველა სათითაოდ მირტყამდა, სანამ ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა ტერიტორიის გავლით, 9 აპრილის ქუჩამდე არ ამიყვანეს, იქ გამიკეთეს ბორკილები”, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში. ,
- პუბლიკას” კიდევ ერთ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, პოლიციამ გადაღებაში ხელი შეუშალა და მისი ტელეფონის დალეწვა სცადეს.
- “პუბლიკას” ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს.
- მუშაობაში არაერთხელ შეუშალეს ხელი “პუბლიკას” ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილსაც. გამოცემის ინფორმაციით, მას რამდენჯერმე დაარტყეს.
- “TV პირველის” ოპერატორს, ნიკო კოკაიას, ტელეკომპანიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა დამიზნებით სახეში წიწაკის სპრეი შეასხა.
- TV პირველის” ოპერატორს, გიორგი შეწირულს, სპეცრაზმის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც შეწირულთან ერთად მუშაობდა, ოპერატორს უკნიდან მიეპარა სპეცრაზმელი და დაარტყა.
- აქციაზე დაშავდნენ “TV პირველის” ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია და ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი. გადამღებ ჯგუფს და მათ რესპონდენტს სპეცრაზმმა პირდაპირ ეთერში დაუშინა დიდი რაოდენობით წყლის ჭავლი. ოპერატორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
- ასევე, გაურკვეველი ნივთიერება შეასხეს სახეში “TV პირველის” ჟურნალისტ ანა მდივანს. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
- აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზით შეუძლოდ გახდნენ “მთავარი არხის” წარმომადგენლებიც. მათ შორის, ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი.
- “მთავარი არხის” ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ამავე არხის ჟურნალისტს დავით კობიძესა და ოპერატორს, ლუკა ბაჩილავას.
- “რადიო თავისუფლების” ცნობით, აქციაზე ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე დავით ქორიძესა და სალომე ჩადუნელზე. ასევე ოპერატორ ზუკა ხიდაშელზე.
- “რადიო თავისუფლების” კიდევ ერთ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს გამთენიისას, დემონსტრაციის დარჩენილი ნაწილის დარბევის დროს, სპეცრაზმელმა მუცელში მუშტი ჩაარტყა, მიწაზე დაგდების შემდეგ კი წიხლი.
- აქციის გაშუქებისას შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა “აჭარის ტელევიზიის” ჟურნალისტმა ნინო ლორჩოშვილმა. არხის ინფორმაციით, ის სავარაუდოდ სპეცრაზმის მხრიდან წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად გახდა ცუდად.
- წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში სამართალდამცავებმა ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს გივი ავალიანს.
- გამოცემა OC Media-ს დამფუძნებელს, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს წყლის ჭავლი მოხვდა. როგორც ნიკურაძე წერს, ის დავარდა, მისი კამერა კი დაზიანდა. ფოტოგრაფს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამართალდამცველები მუშაობას უკრძალავდნენ: “ორჯერ დამიგდო სპეცრაზმმა ტელეფონი ძალით, გვიკრძალავენ გადაღებას, გვაგინებენ ჟურნალისტებს”, – წერს მარიამ ნიკურაძე.
- JAMnews-ის რეპორტიორს იულია კალაბანს, რომელიც ცდილობდა გადაეღო კადრი, როგორ იღებდა სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მოწყობილი ბარიკადებს, სამართალდამცველმა ხელი ჰკრა და ფეხში დაარტყა. რეპორტიორს პირველადი სამედიცინო დახმარების ჯგუფის დახმარება დასჭირდა.
- აქციის გაშუქებაში ხელი შეუშალეს „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებს — ნინო წვერავასა და ნინო შუბითიძეს, ასევე ოპერატორს გიორგი ბარამიძეს. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ამსახველი ვიდეო ჟურნალისტმა ნინო წვერავამ სოციალურ ქსელ „X“-ზე გამოაქვეყნა.
- სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა “პროექტ 64-ის” რედაქტორს გიორგი გოგუას. მას ფეხები ურტყეს.
- წყლის ჭავლით დაშავდა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი.
- სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტს ირაკლი მანაგაძეს.
- დაშავდა მედია “აპრილის” ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძეც.
- TOK TV-ს ჟურნალისტი ფილიპე წერეთელი დაზარალდა გაზის კაფსულის სროლის შედეგად. ჟურნალისტი ჰყვება, რომ ცრემლსადენი ხელყუმბარები მიზანმიმართულად ისროლეს: ,,გამოუშვეს დაახლოებით 5 კაფსულა. ბესიკის ქუჩაზე, სადაც ჩვენ ვიყავით, მხოლოდ ჟურნალისტები იყვნენ, დაახლოებით 5-7 კაცი. იმ დროს იქ აქციის მონაწილეები არ იყვნენ.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჩართვის ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი, ასევე დაშავდა აქციაზე.
- „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ტელევიზიის – Current Time ოპერატორს გიორგი ჭუმბურიძეს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალეს ხელი.
- “რადიო თავისუფლების” ოპერატორებს, ილია რატიანსა და ზუკა ხიდაშელს – ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობაზე, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ათობით დოკუმენტირებულ ფაქტზე, პირად პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს აკისრებს და მას კანონის ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ქარტია პროკურატურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მრავალი ფაქტის სწრაფ და მიუკერძოებელ გამოძიებას, საპოლიციო ძალების მოძალადე თანამშრომლების, ასევე, მათი ხელმძღვანელების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს.