2024 წლის 1 დეკემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა სხვადასხვა მედიის 9 წარმომადგენელი. სამი დღის განმავლობაში, ჯამში, 52 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა და ხელი შეეშალა საქმიანობაში.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
- აქციაზე დაშავდა პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოგრაფი “თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. არხის ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში.
- “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, რომ ერთ-ერთი სამართალდამცველი აგრესიული და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს.
- პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაშავდა “TV პირველის” ოპერატორი გიორგი შეწირული. ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორს მძიმე დაზიანება აქვს ფეხის არეში. შეწირული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
- ტელეკომპანია “ფორმულას” გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მათი გადამღები ჯგუფი მოჰყვა წყლის ჭავლში, რომელიც აქციის დასაშლელად იყო გამოყენებული.
- აქციაზე დაშავდა ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორიც. ის, სავარაუდოდ, აქციის დასაშლელად გამოყენებული გაზის გაშვების შედეგად გახდა შეუძლოდ.
- სპეცრაზმმა დააკავა „რადიო თავისუფლების“ პროდიუსერი ბექა ბერაძე. მედიის ცნობით, პროდიუსერი ნაცემია. ბექა ბერაძე საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. იგი აქციის სიახლოვეს იმყოფებოდა, როდესაც პოლიციელების ალყაში აღმოჩნდა. ბექა ბერაძემ ადვოკატს განუცხადა, რომ სამართალდამცველებს უთხრა, ჟურნალისტი ვარო, თუმცა მაინც დააკავეს.
- ონლაინგამოცემა On.ge-ს ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს ფოტოგრაფი ნიკოლოზ თაბუკაშვილი.
- რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ რეზინის ტყვიით დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე.
საპროტესტო აქციებზე 29 და 30 ნოემბერსაც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.