2024 წლის 16 მაისს, გვიან ღამით, 23:40 საათზე, თბილისში, ონლაინგამოცემა “ტაბულას” რედაქტორს, გიორგი ბადრიძეს, სახლისკენ მიმავალ გზაზე უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
“კორპუსთან ახლოს უცნობი ადამიანი მომიახლოვდა, გამაჩერა და ვინაობას მეკითხებოდა, ვინ ხარო, სახელი რა გქვიაო. ძალიან აგრესიული იყო, მერე აბსოლუტურად უმიზეზოდ დამარტყა. ჩემგან საპასუხო აგრესია არ ყოფილა”, – აღწერს მომხდარს ჟურნალისტი გამოცემა “მედიაჩეკერთან”.
ბადრიძის განმარტებით, მან დახმარება გამვლელი მანქანის მძღოლს სთხოვა და საპატრულო პოლიციაც მალევე გამოიძახა. მომხდარზე შეტყობინება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე აპრილსა და მაისში რამდენჯერმე გახდა თავდასხმის სამიზნე. 16 აპრილს, ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 3 მაისს, იგივე აქციის გაშუქებისას იგი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც აქტივისტების დაკავების კადრებს იღებდა. ბადრიძე დაკავებიდან რამდენიმე საათში, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მოგვიანებით, მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოუწოდა გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ გიორგი ბადრიძეზე განხორციელებული თავდასხმის, მისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის და დაშინების ფაქტები.