6-7 დეკემბრის ღამეს საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 6  წარმომადგენელს

2024 წლის 6-7 დეკემბრის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 6 წარმომადგენელს. 

  • პალიტრანიუსის ჟურნალისტს, რომელიც მობილური ტელეფონით იღებდა აქციის დაშლის კადრებს, სპეცრაზმელმა ხელი შეუშალა მუშობაში. ვიდეომასალაში, რომელიც “მთავარმა არხმა” გაავრცელა, ჟურნალისტი ამბობს, რომ ის პირდაპირ ეთერში,  მაუწყებლობდა, რა დროსაც, სპეცრაზმელმა მას  ტელეფონი წაართვა და გადაუგდო. ამ დროს ჟურნალისტს თან ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, ჟურნალისტის ბეჯი. 
  • 7 დეკემბერს, გამთენიისას საპროტესტო აქციაზე დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ყორშიას დაკავებისას გაუსწორდნენ ფიზიკურად. “ბექა ყორშია დააკავეს ელბაქიძის დაღმართზე, სადაც უბრალოდ მოძრაობდა სპეცდანიშნულების რაზმი და სრულიად უკანონოდ დააკავეს. ამის შემდეგ ის 4 საათის განმავლობაში უბრალოდ დაგვიმალეს და ვერ მოვახერხეთ ვერანაირი კონტაქტი და ინფორმაციის მოძიება. არ მოგვეცა საშუალება დაცვის უფლების განხორციელების” – განაცხადა ბექა ყორშიას ადვოკატმა. ყორშია 9 დეკემბერს გაათავისუფლეს. სასამართლომ ჟურნალისტს 2200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
  • საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” ჟურნალსიტ დეა მამისეისშვილს.
  • 7 დეკემბრის გამთენისას “JRC”-ის გადამღები ჯგუფი საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის და ძალადობრივი მეთოდებით დემონსტრანტების დაკავების პროცესს იღებდა, რა დროსაც,  სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მათ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და  დაკავებაც სცადეს.  აღნიშნულის ამსახველ ვიდეო კადრებს “JRC” ავრცელებს.
  • 2024 წლის 7 დეკემბრის ღამეს, „კავკაზკი უზელის“ ჟურნალისტი ბესლან კმუზოვი დააკავეს. კმუზოვის თქმით, ის მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირზე მყოფ სპეცრაზმელებს ფოტო გადაუღო. სპეცრაზმმა კმუზოვს ტელეფონიც ჩამოართვა. სასამართლომ ჟურნალისტს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ის 9 დეკემბერს გაათავისუფლეს.

საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავებულთა სრული სია იხილეთ აქ: