საპარლამენტო არჩევნების გაშუქების დროს 70-მდე ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეეშალა

2024 წლის 26 ოქტომბრს საქართველოში  საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, შეურაცხყოფის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ტექნიკის დაზიანების და თავისუფლების დროებით აღკვეთის შემთხვევებიც. 

საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები:  

  • ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, მარი წაქაძეს, ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე  საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს. უბნის საარჩევნო კომისიის წევრის თქმით, ჟურნალისტი მათ ხელს უშლიდა მუშაობაში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა. ამ ფაქტის პარალელურად, ადგილზე მყოფი დაუდგენელი პირი ცდილობდა ჟურნალისტისთვის ხელი შეეშალა პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს; აღნიშნული პირი ხმამაღლა ლაპრაკობდა საარჩევნო უბნის შენობაში და ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ “ტყუილის საუბარში” უშლიდა ხელს. მის მიმართ კომისიის წევრებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მარი წაქაძემ პოლიციას მიმართა დახმარებისთვის, თუმცა დახმარება ვერ მიიღო.
  • ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რეპორტიორს მინდია გაბაიძეს თბილისში, გლდანის რაიონში, 59-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოცემის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ საარჩევნო უბანთან მობილიზებული პირები ჟურნალისტს აგინებენ და შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის მათ გადაღებას ცდილობს და იქ ყოფნის მიზეზებს ეკითხება. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია
  • “TV პირველის” ოპერატორს პაატა ხაჩიძეს თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან კერძო პირები ზურგიდან დაესხნენ თავს.  შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც გადამღები ჯგუფი ცდილობდა გაერკვია რა მიზნით იყვნენ შეკრებილი უცნობი პირები უბნების სიახლოვეს.თავდასხმის შედეგად დაზიანდა ტელევიზიის ტექნიკა. ვიდეომასალაში, რომელიც რედაქციამ გაავრცელა, ჩანს, რომ კამერის ნაწილები ძირს არის მიმოფანტული.
  • რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს მარნეულის მე-7 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა.
  • “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონის წართმევა სცადეს. ინციდენტი მოჰყვა ჟურნალისტის მცდელობას დაეფიქსირებინა უბნის მიმდებარედ მყოფი არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.
  • “რადიო მარნეულის” ჟურნალისტს, თიკო დავაძეს მარნეულში, სოფელ სადახლოს 71-ე უბანზე, უბნის თავმჯდომარე არ უშვებდა უბანზე გადაღების მიზნით. “…მეუბნებოდა, რომ შემეძლო შევსულიყავი, მაგრამ არაფერი გადამეღო…” – ჰყვება ჟურნალისტი. საოლქო კომისიაში დარეკვის შემდეგ თავმჯდომარეს მოუწია ჟურნალისტის დაშვება უბანზე.
  • „TV პირველის“  გადამღებ ჯგუფს თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან თავს დაესხნენ. სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” დაჯგუფების წევრების სამიზნე გადამღები ჯგუფი მას შემდეგ გახდა, რაც ტელეკომპანიის ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლისა და მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები გადაიღო. საარჩევნო უბანთან უცნობი პირები ავტომობილებში სიებით იყვნენ მობილიზებული და თანხებს არიგებდნენ. თავდასხმის შედეგად ნაცემია ოპერატორი, ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა კი სრულად დამტვრეულია. აპარატურის დაზიანებამდე ჟურნალისტმა გარკვეული მასალის გადმოგზავნა მოასწრო“, – წერს ტელეარხი.
  • “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს – ია გულიაშვილსა და ლევან დვალს კახეთში  თავს დაესხა  სავარაუდოდ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირი და კადრების გადაღების საშუალება არ მისცა. ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია, ვინ გაუმასპინძლდა უბანზე მისულ ამომრჩევლებს. მოგვიანებით, იგივე პირმა “მთავარი არხის” კამერის გატაცება სცადა.
  • “მთავარი არხისა” და “ფორმულას” გადამღებ ჯგუფებს ბათუმში, მე-17 საარჩევნო უბანთან, სავარაუდოდ, “ქართული ოცნებასთან” დაკავშირებული პირები, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
     
  • “ფორმულას” ჟურნალისტს საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღების შეზღუდვა სცადეს.
  • ტელეკომპანიების “მთავარი არხის” და “TV პირველის” ჟურნალისტები ქეთა ციცქიშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი 38-ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს. მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო უბანთან მობილიზებულ მოქალაქეებს კითხვებს უსვამდნენ, მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად შეეხებაც სცადა.
  • cnews-ის ჟურნალისტს ქუთაისში მე-2 საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტების გაღიაზიანება ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილმა სიებმა გამოიწვია, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. მას ფიზკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.
  • ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა, “TV პირველის” ჟურნალისტს თამთა დოლენჯაშვილს, რომელიც კითხვების დასასმელად მათ მიკროავტობუსში ავიდა, ჯერ კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ, შემედგ ერთ-ერთი კოორდინატორი ციხეში გაშვებით დაემუქრა.
  • ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებს დავით ჭაბაშვილს და აგილ რუსტამოვს ლაგოდეხის სოფელა ჭიაურში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს. ამავე ვიდეოში ჩანს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ „ლაგოდეხის ტელევიზიის“ ჟურნალისტს, ნიკა ბურჭულაძესაც.
  • “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს: ჟურნალისტ გვანცა ჩხიკვაძესა და ოპერატორ გიორგი კიკვაძეს ქუთაისის ორ საარჩევნო უბანზე შეუშალეს ხელი მუშაობაში. ჯერ ქუთაისის 64-ე უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ: სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევდა, მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო. მან ჟურნალისტს „ქვეყნის მტრებო“ და „მკვლელები“ უწოდა. შემდეგ, კი ქუთაისის 26-ე უბანზეც შეუშალეს. საარჩევნო უბანთან მყოფი პირებიდან, რომელიც ჟურნალისტის თქმით, მთელი დღის განმავლობაში იქ იყვნენ და „აკონტროლებდნენ სიტუაციას“, ერთ-ერთი ოპერატორს მიმართავდა ფრაზებით: „გაიტანე კამერა“, „ხელებს დაგამტვრევ“. ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ კი, პირი კამერას შეეხო და პირდაპირი ჩართვა გაითიშა.
  • „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს [სოფო ნიაური და დავით ბერაძე] ხელი შეუშალეს ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზეც. ჟურნალისტის თქმით, სპეციალური ბეიჯის ქონის მიუხედავად, კომისიის თამჯდომარე მათ გადაღების უფლებას არ აძლევდა და შენობაში არ უშვებდა.
  • წალენჯიხის 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლირა ღურწკაია ჟურნალისტს დიტო ბელქანიას  დაუპირისპირდა. ვიდეომასალა მრავალკუთხედმა“ გამოაქცეყნა.
  • “მთავარი არხის” ჟურნალისტს, თენგო გოგოტიშვილს და ოპერატორ, იაგო გოგილაშვილს სოფელ ბოდბეში, სიღნაღიის მერიის წარმომადგენელი, ბაჩუკი კოჭლამაზიშვილი მუშაობაში ხელს უშლიდა,მან კამერას ხელი ააფარა და ცდილობდა, ოპერატორისთვის გადაღების საშუალება არ მიეცა. გადამღებ ჯგუფს საქმიანობაში ხელი სოფელ მაღაროშიც შეუშალეს.
  • „მთავარი არხისა“ ჟურნალისტს და ოპერატორს თეა ვაშალომიძეს და ბაჩანა ოქროპირიძეს, ასევე  „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს, თამარ თედიაშვილს და ლერი როგავას ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“  დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები.
  • ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, სადახლოს 69-ე უბანზე ჟურნალისტ თიკო ერაძეს და ოპერატორს, შალვა ჯოხაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. ერაძეს საარჩევნო უბანზე ყოფნას უზღუდავდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გუმბატ ნაზაროვიც. 
  • ჩხოროწყუს მე-4 საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს, დავით მანიას და ირაკლი შენგელიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ. კომისიის თავმჯდომარემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კომისიის სხვა წევრებთან ერთად, გადამღები ჯგუფის უბნიდან გაძევებას ცდილობდა
  • ისნის მე-9 საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტ ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს, გიგა აღდგომელაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და რომ არა პოლიციელების მხრიდან დროული რეაგირება, ის ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზრდებოდა.
  • გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინა მაჩაბელს და ოპერატორს, გიორგი ჩანტლაძეს.
  • გლდანის მე-60 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს ხელი შეეშალა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც, მაკა ანდრონიკაშვილსა და გიორგი შეწირულს. ჟურნალისტის თქმით, მათ უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ, ხელშეშლის პროცესში კი ჩართულნი იყვნენ როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები, ისე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები.
  • მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და მის ოპერატორს, ირაკლი მურმანიშვილს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და უბანთან მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტებს უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე
  •  „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს გიროგი დვალიშივილს და ლაშა ჯიოშვილს სოფელ ტიხისქიდში გადაღებაში ხელი შეუშალეს. გადამღებ ჯგუფთან აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა სოფლის ყოფილი გამგებელი, ბესო ბერიანიძე.
  • „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „OC მედიას“ 6 წარმომადგენელს: ჰერმინე ვირაბიანს, რაფიგ შაბაზოვს, თეკლა ჩხაიძეს, ზეინაბ ისგანდაროვას, აითან ფარადოვას. კიდევ ერთი წარმომადგენლის, ქრისტინა კვაჭანტირაძის მშობლებს კი, როგორც ჟურნალისტი ამბობს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი მგელაძემ დაურეკა და მოსთხოვა, რომ ქრისტინას გადაღებულ ვიდეოში ადამიანების სახეები დაეფარა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის მამა ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყო.
  • გაზეთ “ბათუმელების” რედაქტორის ეთერ თურაძის განცხადებით მას და მისი რედაქციის 7 ჟურნალისტს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცეში საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მისი განცხადებით, ჟურნალისტებს ადამიანები ყავდათ მიჩენილი, რომ საარჩევნო პროცესი და  ამ პროცესში დარღვევები ვერ გადაეღოთ: ევა ართმელაძეს გადაღების საშუალება არ მისცეს დაბა ხულოს ერთ-ერთ უბანზე.  ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უნაბთან მობილიზებული ე.წ. „შპანა“ გადაღების საშუალებას არ აძლევდა ჟურნალისტ ცაგო კახაბერიძესაც. მუშაობის დროს ტელეფონის წართმევაც სცადეს, რის გამოც იძულებული გახდა გადაღება შეეწყვიტა. ეთერ თურაძის თქმით, მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი ბათუმის 72-ე უბანთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ე.წ. „შპანამ“ შეუშალა. „ბათუმელების“ რედაქტორს პოლიციის გამოძახებაც დასჭირდა. თურაძის თქმით, 10-მდე პირი სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. თურაძეს პროფესიული საქმიანობის დროს პრობლემა შეექმნა ბათუმის 52-ე და 81-ე უბნებთანაც (ორივე უბანი ერთ სკოლაში იყო განთავსებული), სადაც აგრესიულად მოითხოვდნენ, რომ მას კამერა გამოერთო. ქუთაისისა და ბათუმის სხვადასხვა უბნებზე პროფესიულ საქმიანობაში ასევე ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს: მანანა ქველიაშვილს, ლელა დუმბაძეს, არჩილ კახაძეს და თედო ჯორბენაძეს.
  • მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე სტუდია “მონიტორის”  ჯურნალისტებმა თეო ქავთარაძემ და ქეთი თუთბერიძემ გადაიღეს, როგორ ცდილობდა ამომრჩეველი, სავარაუდოდ პასპორტში ჩაკრული სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემას. ამ პროცესის გადაღებისას კი, უცნობი პირი ჟურნალისტებთან მივიდა და ტელეფონის წართმევა სცადა
  • არჩევნების დღეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა „ალიქ მედიის“ 4 წარმომადგენელს სოფელ ხოჟორნისა და კულიკამის საარჩევნო უბნებზე.  რედაქციის ინფორმაციით, „ალიქ მედიის“ რეპუტაციის შელახვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული პირები იქვე მყოფ ამომრჩევლებს, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს ეუბნებოდნენ, რომ „ალიქ მედია“ დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია იყო და „კანონს არღვევდა“. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა საარჩევნო უბნებთან აღმოჩენილი დარღვევების შესახებ facebook-ის გვერდზე დაწერეს, უცნობმა პირებმა ჟურნალისტს დაურეკეს და აღნიშნული მასალების წაშლა მოსთხოვეს. რედაქციის თქმით, ჟურნალისტთან რამდენჯერმე დარეკეს და ტონი მუქარასაც შეიცავდა. „ალიქ მედია“ ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით, მათ სახელებსა და გვარებს არ ასაჯაროვებს.
  • „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, რაფო მესხიძეს თბილისში, მე-9 ოლქის მე-3 უბანზე „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა ტელეფონი წაართვეს.
  • “qartli.ge”-ს ჟურნალისტს, საბა წიწიკაშვილს არჩევნების გაშუქებისას ხელი გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნებზე მუშაობისას შეუშალეს. საბა წიწიკაშვილის თქმით, სოფელ პატარა გარეჯვარში, მან ჩაწერა თვითმხილველები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საარჩევნო უბანთან რუსულნომრიანი მანქანიდან ფულის დარიგება. ამ მასალის “qartli.ge”-ზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა უთხრა, რომ საარჩევნო უბნის გარეთ ეძახდნენ, გარეთ გასვლის შემდეგ კი, მას სოფლის გამგებელი, ზურაბ მურადაშვილი და მისი მეუღლე დახვდნენ. საბა წიწიკაშვილის განცხადებით, სოფლის გამგებელმა დაუწყო ყვირილი, თუ რატომ გადაიღო მისი მანქანა, რომელიც რუსულნომრიანი იყო. მისმა მეუღლემ კი, განუცხადა, რომ სოციალურ ქსელში ამ ამბის გამოქვეყნების შემდეგ, ხალხი მას შეურაცხყოფას აყენებდა. წიწიკაშვილმა პოლიცია გამოიძახა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც მოჰყვნენ. მეორე შემთხვევა კი, სოფელ ზემო ხვედურეთის საარჩევნო უბანზე მოხდა, სადაც საბა წიწიკაშვილის საარჩევნო უბნიდან გაძევება სცადეს. „კომისიის თავმჯდომარე მემუქრებოდა, რომ თუ აქეთ-იქით სიარულს არ მოვრჩებოდი, უბნიდან გამაძევებდა. სამჯერ დავარეკინე საოლქო კომისიაში, თუ რის უფლება მქონდა“, – ამბობს ჟურნალისტი.