თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯეს

2024 წლის 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აზერბაიჯანული გამოცემის Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს, აფგან სადიგოვს, სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

აფგან სადიგოვი  3 აგვისტოს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ სევინჩ სადიგოვამ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ სადიგოვის დაკავებას მისი არასრულწლოვანი შვილებიც ესწრებოდნენ.

“მიდის მიზანმიმართული დევნა, როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც ამხელს იქ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და იქ არსებულ მდგომარეობას”, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ.

2024 წლის 17 ივლისს აფგან სადიგოვს ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს. საზღვრის კვეთის აკრძალვის შემდეგ, 23 ივლისს სადიგოვმა და მისმა მეუღლემ საქართველოში საფრანგეთის საელჩოში განაცხადი შეიტანეს და საფრანგეთში გადაყვანა მოითხოვეს.

„განცხადება შევიტანეთ, იქნებ დაგვეხმარონ მესამე ქვეყანაში გასვლაში. გამოვიდა ადამიანი საელჩოდან, ვუთხარით რატომ ვართ მოსული, მივეცით წერილი, რომელშიც წერია, რომ საქართველოში ყოფნა ჩვენთვის უსაფრთხო აღარაა და დაგვეხმარონ რომელიმე მესამე ქვეყანაში წასვლაში”, – ამბობდა სადიგოვი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

აფგან სადიგოვი საქართველოში საცხოვრებლად 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა, ცოლთან და ორ შვილთან ერთად. ის თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, რადგან აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული, 2016 და 2020 წელს. 

ჟურნალისტის დაკავებას გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

“მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის დაპატიმრებასა და აზერბაიჯანში მის მოსალოდნელ ექსტრადიციას”, – ნათქვამია განცხადებაში.