2025 წლის 12 მაისს, ქვემო ქართლში, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ყოფილი ვიცე გუბერნატორის გიორგი შინჯიკაშვილის გადადგომის მიზეზებს არკვევდა, ჩინოვნიკის მამა ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ჟურნალისტი აღწერს, შინჯიკაშვილის მამამ მას სახეში ხელი გაარტყა, ფიზიკურად იძალადა არხის ოპერატორზეც. ამავდროულად, გაიტაცა ტელევიზიის კუთვნილი კამერა და ჟურნალისტის პირადი მობულიური ტელეფონი და ისინი მხოლოდ 40 წუთის შემდეგ დააბრუნა. თავდასხმის შედეგად ჟურნალისტმა ტვინის შერყევა მიიღო. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
მომხდარისთანავე გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ტელეკომპანიის ცნობით, შსს-ს თანამშრომლები ადგილზე ერთი საათისა და 20 წუთის დაგვიანებით მივიდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემთხვევის მოკვლევა დაიწყო.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ: “ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა”. “მედიის ადვოკატირების კოალიციის” შეფასებით, მომხდარი “კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების კრიტიკულ მდგომარეობას”.