ტელეკომპანია “თრიალეთის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

2025 წლის 17 აპრილს, ტელეკომპანია “თრიალეთის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, შორენა ბიჭიკაშვილს და ოპერატორს, სოსო მჭედლიშვილს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვში, ერთ-ერთი ადგილობრივი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გადამღები ჯგუფი შემთხვევის დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

როგორც ჟურნალისტი აღწერს, ადგილობრივმა გადამღები ჯგუფის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ოპერატორს აპარატურის დამტვრევით დაემუქრა. ჟურნალისტმა ინციდენტის ტელეფონით გადაღება სცადა, რა დროსაც პირმა მისთვის ტელეფონის წართმევა სცადა და ხელი დაარტყა. გადამღებმა ჯგუფმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ისინი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გმობს ტელეკომპანია გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.