2025 წლის 20 მარტს, ქალაქ ბათუმში “აჭარა თაიმსის” დირექტორს – სულხან მესხიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტს, ლია ტოკლიკიშვილს, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების საკითხების გაშუქებას ცდილობდნენ, “ქართული ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ.
„ოცნების ქალაქში“ ვიყავი გადაღებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფთან ერთად. ჩვენი ადგილზე მისვლის შემდგომ, რამდენიმე პირი მოვიდა, რომლებმაც გადაღების შეწყვეტა ითხოვეს, დაიწყეს ჩვენი ხელშეშლა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ სიტყვიერად გვიპირისპირდებოდნენ, მათ შორის ხელითაც იწეოდნენ. ხელის კვრით ცდილობდნენ ადგილიდან ჩვენს გაძევებას. გვიშლიდნენ, რომ კადრები არ გადაგვეღო” – განაცხადა სულხან მესხიძემ “ბათუმელებთან” საუბრისას.
შემთხვევას გამოეხმაურა “მედიის ადვოკატირების კოალიცია” “მედიაზე განხორციელებული ეს თავდასხმები არის “ქართული ოცნების” მიერ გატარებული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას და ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების შეზღუდვას. რეჟიმის მიერ მედიის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა და სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტებზე ძალადობა დაუსჯელი რჩება” – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმში “ოცნების ქალაქში” მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში “ქართული ოცნების” აქტივისტები და მათთან დაახლოებული პირების უკანონოდ ხელს უშლიან.