“რადიო თავისუფლების” პროდიუსერს, ბექა ბერაძეს, რომელიც პროევროპულ აქციებზე დაზარალდა, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

2025 წლის 12 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე “რადიო თავისუფლების” პროდიუსერს ბექა ბერაძეს სასამართლომ პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ბექა ბერაძე 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციის დროს, ღამის საათებში, ინგოროყვას ქუჩაზე თანხმხლებ პირებთან ერთად დააკავეს, ის საგარეჯოს დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და 48 საათის გასვლის შემდეგ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გარეშე გაათავისუფლეს. ბერაძეს სახეზე დაზიანებები ეტყობოდა, რაც როგორც “რადიო თავისუფლების” მასალიდან ირკვევა სპეცრაზმის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგია.

2025 წლის 12 მარტს ბექა ბერაძეს დაუკავშირდნენ პოლიციიდან და აცნობეს რომ ერთ საათში მისი სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული, სამართალდამცავები მას პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ბერაძის განცხადებით, მას და მის ადვოკატს მხოლოდ ერთი საათი მიეცა დრო საქმის მასალების გასაცნობად.