ქართულ-სომხური გამოცემის რედაქტორს საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს

2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს და აეროპორტიდან სტამბულში გააბრუნეს ქართულ-სომხური გამოცემის, Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი არსენ ხარატიანი. ხარატიანი თბილისში ლუქსემბურგიდან ბრუნდებოდა და მომდევნო დღეს სომხეთში უნდა წასულიყო. უარის მიზეზი ხარატიანისთვის არ აუხსნიათ. 

„ალიქ მედია“ არის საქართველოში მოქმედი სომხურენოვანი მედია პლატფორმა, რომელიც 2015 წლიდან ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ მოვლენებს სომხურ ენაზე აშუქებს. გამოცემა გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული სტატიებით.

არსენ ხარატიანი საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. იგი ფიქრობს, რომ მიზეზი, რის გამოც ის ქვეყანაში არ შეუშვეს, პოლიტიკურია.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უარი, ანუ დეპორტაცია, პოლიტიკურია, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ან ეშინია ჩემნაირი ადამიანების, ან ჰყავთ პატრონები მოსკოვიდან ან ბაქოდან, რომლებიც ეუბნებიან, რომ „გაწმინდონ სივრცე“ არჩევნებამდე“, – დაწერა ხარატიანმა ფეისბუქის გვერდზე.

არსენ ხარატიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 სექტემბერსაც შეაყოვნეს. მაშინ უარის თქმის საფუძველში მითითებული იყო, რომ “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”.

“მედიის ადვოკატირების კოალიციაში” საგანგაშოდ მიიჩნევენ ჟურნალისტების ქვეყანაში არ შეშვებას:

“ეს შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც მხოლოდ ამ კვირაში ორჯერ დაფიქსირდა, ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საქმიანობის შეფერხების შემაშფოთებელ მდგომარეობას ქვეყანაში”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, წინა დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას.