პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს

2025 წლის 4 თებერვალს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ უკანონოდ შეუშალა ხელი მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, მათ შორის, ფიზიკურად გაუსწორდა 3 ჟურნალისტს:

  • პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელმა თავში ძლიერი დარტყმით ასფალტზე დააგდო NEWS.On.ge-ს მთავარი რედაქტორი ვანცენტ ხაბეიშვილი.
  • “პუბლიკას” ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მათ ჟურნალისტზე, ნათია ლევერაშვილზე იძალადა – პოლიციელებმა მას ხელი დაარტყეს და თმაზე მოქაჩეს.
  • ნიღბიანმა პოლიციელმა სცადა ტელეფონის წართმევა OC Media-ს ჟურნალისტისთვის, გივი ავალიანისთვის, რომელიც პროფესიული მოვალეობას ასრულებდა . „პარლამენტთან, ჟურნალისტებზე ძალადობისას, ადამიანის დაკავებას ვიღებდი, როცა ერთ-ერთი ნიღბიანი პოლიციელი ჩემს ტელეფონს სწვდა და წართმევა სცადა“ – წერს ავალიანი.

პარლამენტთან აქცია “ბათუმელების” დამფუძნებლისა და რედაქტორის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად გაიმართა. ჟურნალისტი 24 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშლობს.