“მთის ამბების” რედაქტორს საპროტესტო აქციის გაშუქებისას, პოლიცია გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმებით დაემუქრა

2025 წლის 18 იანვარს, გვიან საღამოს, “მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა, პოლიციამ საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებს შორის გამოყო და აცნობა, რომ გზის გადაკეტვის საფუძვლით 5000 ლარით ჯარიმდება.

როგორც გელა მთივლიშვილი აღწერს, მაშინ როდესაც ის და მისი კოლეგები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, რუსთაველი გადაკეტილი იყო. აქციის მონაწილეები გზაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ტერიტორია პოლიციამ დატოვა: “სწორედ ამ დროს მომადგა საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. ხელმძღვანელმა თითის გამოშვერით გამომარჩია და მივხვდი, მე მეუბნება: იდენტიფიცირებული ხარ. არ არის ხალხის საკმარისი რაოდენობა, გზა რომ გადაგეკეტათ. ჯარიმა 5000 ლარი”.

5000-ლარიან ჯარიმას გზის გადაკეტვისთვის, თუ ამისთვის საჭირო ხალხის რაოდენობა არ არის, ითვალისწინებს ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში. აღნიშნული ცვლილებები, რომელიც საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა 2024 წლის 13 დეკემბერს მიიღო,  ძალაში შევიდა 29 დეკემბრიდან. უფლებადამცველებმა ცვლილებები შეაფასეს როგორც დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული მექანიზმი.