“ბათუმელების” რედაქტორს სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს მუშაობაში და დაჯარიმებით დაემუქრნენ

2024 წლის 16 დეკემბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, გამოცემა “ბათუმელების” რედაქტორის კითხვას, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ზომების გამო შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის უფროსის გაღიზიანება მოჰყვა. პოლიციის უფროსმა ეთერ თურაძეს ხელი შეუშალა მუშაობაში, – ძალის გამოყენებით დაატოვებინა ის ადგილი, სადაც აქცია მიმდინარეობდა.

იმავე აქციაზე ეთერ თურაძეს აგრესიულად მიმართა კიდევ ერთმა სამართალდამცველმა  – ბათუმის პოლიციის უფროსმაც. ვიდეომასალაში, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა ჩანს, რომ სამართალდამცავი “ბათმელების” რედაქტორს უპატივცემულოდ მიმართავს. “თქვენ ქართული საუბარი გესმით? გადაიწიე რომ გეუბნებიან” – ეუბნება პოლიციელი ეთერ თურაძეს. 
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” წერს, რომ პოლიციის უფროსი გამოცემის რედაქტორს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით და დაჯარიმებით დაემუქრა. ქარტია მოუწოდებს “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ პოლიციის ეთიკის კოდექსის და პოლიციის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, პატივისცემა გამოიჩინონ ჟურნალისტების მიმართ, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეუშალონ და შეწყვიტონ მუქარა”.