შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ უბრუნებს იმ ტექნიკას, რაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თბილისში მიმდინარე აქციების გაშუქების დროს ჩამოართვეს. ტექნიკის დაბრუნებას ელოდებიან შემდეგი მედიასაშუალებები: ონლაინ გამოცემა “პუბლიკა”, საგამოძიებო სტუდია “მონიტორი” და “TV პირველი”.
“პუბლიკის” ჟურნალისტებს აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელებმა წაართვეს ორი ფოტოკამერა, თავისი ლინზებით და ერთი მობილური ტელეფონი. ეს შემთხვევები 29 და 30 ნოემბერს მოხდა. 29 ნოემბერს სპეცრაზმელმა ფოტოკამერა წაართვა ფოტოგრაფ ალექსანდრე ქეშელაშვილს, მაშინ, როდესაც ის დააკავეს. 30 ნოემბერს კი, ასევე სპეცრაზმელმა, ჟურნალისტ ანა მსხალაძეს წაართვა მობილური ტელეფონი, რომლითაც ჟურნალისტი აქციას იღებდა. გამოცემის რედაქტორის, ზურა ვარდიაშვილის თქმით, მათ მიმართეს უწყების პრესსამსახურს, თუმცა, არ აქვთ მოლოდინი, რომ ტექნიკას დაუბრუნებენ.
3 დეკემბერს, ასევე აქციის გაშუქებისას, ტელეფონი წაართვეს “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტს ნინო რამიშვილს. ამ დროს ჟურნალისტი ერთ-ერთი დემონსტრანტის დაკავებას იღებდა. გამოცემა დაუკავშირდა 112-ს. ჟურნალისტმა დაადგინა ისიც, რომ მისი კუთვნილი ნივთი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაშია. თუმცა, ამ დრომდე მისთვის ტელეფონი არ დაუბრუნებიათ.
7 დეკემბერს, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდასხმისას, ტელეკომპანიის ინფორმაციით, გაიტაცეს სამაუწყებლო აპარატურაც. ინციდენტში დაუდგენელი პირები, ე.წ. ტიტუშკები მონაწილეობდმემ. როგორც “მედიაჩეკერს” ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ განუმარტა, გატაცებულია გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ვიდეოკამერა, რონინი (ვიდეო სტაბილიზატორი), ვიდეოკამერის სათადარიგო ობიექტივი და მიკროფონი თავისი მიმღებით.