საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები

2024 წლის 1 მაისს, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დაშავდნენ „მთავარი არხის“ ოპერატორები ზუკა ჩხვირკია და ავთო მესხი, ასევე „ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა

„მთავარი არხის“ ცნობით, ოპერატორი ზუკა ჩხვირკია წყლის ჭავლმა წააქცია, შემდეგ კი სახეში გაურკვეველი საგანი მოხვდა. ავთო მესხი დარბევის დროს დაშავდა. ოპერატორებს ჭრილობები ადგილზე მყოფმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუმუშავა. მოგვიანებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

რაც შეეხება „ფორმულას“ ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას, როგორც თავად ჰყვება, აქციის გაშუქებისას მას თვალებში სავარაუდოდ წიწაკის სპრეი შეასხეს.

„ძლიერი წვისა და სუნთქვის უკმარისობის გამო იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ადგილი, სადაც ვმუშაობდი და საიდანაც გაწვდიდით ინფორმაციას. მომიწია გადანაცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში,“ – ამბობს ბოკუჩავა.

აქციაზე ჟურნალისტების დაშავების შემთხვევებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა:

“ქარტია გმობს საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ და მოუწოდებს მათ, შეწყვიტონ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, დაბრუნდნენ კანონის ჩარჩოებში და პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს” ნათქვამია განცხადებაში.