2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, როდესაც აღსრულების პოლიცია საცხოვრებელი კორპუსიდან ასახლებდა ერთ-ერთ ოჯახს, ადგილზე მყოფი ონლაინმედიების: “მაუწყებლის” და “მთის ამბების” ჟურნალისტებზე პოლიციამ იძალადა და ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
კერძოდ, ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც პოლიციელმა ის უხეში ძალის გამოყენებით ძირს მანქანის სახურავიდან გადმოაგდო.
როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას” უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ამ მედიასაშუალების კიდევ სამ ჟურნალისტს – ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.
აქციიის გაშუქებისას პოლიციამ დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავა “მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი. მოგვიანებით, იგი გაათავისუფლეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და დააკისრეს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გელა მთივლიშვილმა დაკავების დღესვე მიმართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო.