2024 წლის 22 ივლისს “TV პირველის” მთავარმა რედაქტორმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტები ვერ ახერხებენ სასამართლო სხდომებზე დასწრებას. მელაძის განცხადებით, სასამართლო სისტემა ხელოვნურ ტექნიკურ ბარიერებს უქმნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, რათა მათ ვერ მოახერხონ სასამართლო სხდომების გადაღება.
ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ სოციალ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ ტელევიზიის განცხადებებს სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით სისტემა არ იღებს და მედიის წარმომადგენლებს სხდომებზე არც მოსამართლე უშვებს.
მელაძის განცხადებით, ამ დრომდე, განმარტება არ გაკეთებულა და არც ალტერნატიული მექანიზმების შემოთავაზება მომხდარა განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საკითხს, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა.
“მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას რთულ პირობებში უწევს მუშაობა. სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა დამატებით პრობლემას უქმნის მედიას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლებმა პირებმა დაუყოვნებლივ გამოასწორონ არსებული ხარვეზი, უზრუნველყონ მედიების სხდომებზე დასწრება და განმარტონ პრობლემების გამომწვევი მიზეზები,” – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.