2025 წლის 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადდა, რის საფუძველზეც, აკრედიტებული ტელემაუწყებლების გარდა, ყველა სხვა მედიას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეეზღუდა. პარლამენტში დაიშვებოდნენ მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, თუმცა, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
აღნიშნული შეზღუდვა ამოქმედდა იმ დღეს, როდესაც, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ყოველწლიური ანგარიში და მომდვენო წლის სტრატეგიული გეგმა უნდა წარედგინა.
შეზღუდვა ამოქმედდა “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად. „უსაფრთხოების ყვითელი დონის” გამოცხადების მიზნად დასახელებული იყო „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”
შალვა პაპუაშვილის 2023 წლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში არააკრედიტებულ მედიას არაერთხელ შეუზღუდეს მუშაობის საშუალება.