საზოგადოებრივი მაუწყებელი – საზოგადოების დაკვეთისა და კანონს მიღმა

საქართველოში მიმდინარე ორთვიანი უწყვეტი პროდასავლური დემონსტარაციის პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებელი მოვლენათა ეპიცენტრში არაერთხელ მოხვდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ვალდებულებებს რომ ვერ პასუხობს, ამის შესახებ საჯაროდ არხის სამეურვეო საბჭოს სამმა წევრმა, ლაშა ტუღუშმა, ლია შავგულიძემ და ზაზა აბაშიძემ 29 იანვარს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქციები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს, რაც არხის საქმიანობას მნიშვნელოვანწილად უკავშირდება. სამეურვეო საბჭოს წევრები ამ ხნის მანძილზე ითხოვდნენ სხდომის ჩატარებას აქტუალურ საკითხებზე სამსჯელოდ, რასაც, მათი განმარტებით, საბჭოს თავმჯდომარე უგულებელყოფდა როგორც მათ მოთხოვნას, ასევე მრავალრიცხოვანი მომიტინგეების მოთხოვნასთან ერთად. წერილის ავტორები იზიარებენ პროტესტის მონაწილეების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ “ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ, რომელიც საპოლიციო ძალებმა მიმდინარე წლის 11 იანვარს დააკავა, საზოგადოებრივ ტელევიზიას არ გააჩნია პოზიცია.

ისინი ასევე ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა მათ პასუხები არ აქვთ ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა – “რა ფინანსდება მაუწყებლის ბიუჯეტიდან პროგრამული პრიორიტეტების შესასრულებლად? როგორი იქნება ტელევიზიის წლიური ბადე? რა გადაცემებია მასში გათვალისწინებული? რატომ არ იხსნება შუადღის ეთერები? როგორია ტელევიზიის სახელფასო პოლიტიკა? როგორ წყდება ინტერესთა კონფლიქტები ტელევიზიის შიგნით?”. დემონსტანტებს მხარაჭერა ჯერ კიდევ დეკემბერში გამოუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა. 

2025 წლის 30 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, “პირველი არხის” ახალ შენობაში გაიმართა.  სხდომაზე დასასწრებად მისულ ამავე არხის ჟურნალისტებს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და ნინო ზაუტაშვილს, დაცვის თანამშრომლები შენობაში არ უშვებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, სპეციალური საშვები ჰქონდათ. აღსანიშნია, ორივე ჟურნალისტი ღიად აკრიტიკებს არხის სარედაქციო პოლიტიკას და მონაწილეობს პროევროპულ აქციებსა და გამოსვლებში. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტების დაჟინებული მოთხოვნისა და პროტესტის შედეგად მოხერხდა მათი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე შეშვება. “მოამბის” წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა მნიშვნელოვანი, განცხადებები გააკეთა სხდომაზე. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას, როდესაც არაიდენტიფიცირებული პირები მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ვასილ მაღლაფერიძე საინფორმაციო გამოშვების საეთეროში იმყოფებოდა და იღებდა გადაწყვეტილებას რომელი კადრი მოხვდებოდა ეთერში. “მედიის ადვოკატირების კოალიციამ” შეშფოთება გამოხატა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კონსტიტუციური და საკანონმდებლო ვალდებულებების სისტემატური დარღვევის გამო. “მაუწყებლის მიერ, რომელიც „ქართული ოცნების”  გავლენის ქვეშ იმყოფება, ვერ ხდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვანი გაშუქება” – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, სადაც თავმოყრილია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები.