2024 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადდა, რითაც, აკრედიტებული ტელემაუწყებლების გარდა, ყველა სხვა მედიას შეეზღუდა მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში.
პარლამენტში დაიშვებოდნენ მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, თუმცა, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. თუმცა, მათაც შეზღუდვებით მოუწია მუშაობა – ჟურნალისტებს არ მისცეს მცირე ზომის შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გასვლის უფლება, ოპერატორებს კი სხდომათა დარბაზში არ შეატანინეს პირდაპირი ჩართვის აპარატები.
აღნიშნული შეზღუდვა ამოქმედდა საქართველოს ახალი, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დროისთვის. “ყვითელი დონის” ამოქმედების მოტივად, განცხადებაში მითითებული იყო “საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”.
25 ნოემბერს პარლამენტმა გაავრცელა ახალი განცხადება, რომლის თანახმადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე 26 ნოემბრიდან „მის გაუქმებამდე“ იმოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტების ნაწილს საკანონმდებლო ორგანოში სამუშაოდ განუსაზღვრელი ვადით არ დაუშვებენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში ე.წ. “ყვითელი დონის” გამოცხადებით იზღუდება მედიის ნაწილის მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. მსგავსი პრაქტიკა საქართველოს პარლამენტში 2023 წლიდან არსებობს და მას საფუძვლად უდევს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანება. ამ ბრძანების შესაბამისად, პარლამენტში განსაზღვრულია უსაფრთხოების სამი დონე: წითელი, ყვითელი და მწვანე. მწვანე დონეზე პარლამენტში ყველა ჟურნალისტი დაიშვება, წითელზე არც ერთი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამგვარ პრაქტიკას დისკრიმინაციულს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს პლატფორმის მიუხედავად, მისცეს წვდომა მედიას პარლამენტის შენობაში მიმდინარე პროცესებზე, დამატებითი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე. მედიის ადვოკატირების კოალიცია აღნიშნავს, რომ “ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზღუდავს მედიის პროფესიულ საქმიანობას და მედიის თავისუფლებას, არამედ უგულებელყოფს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს”.