არააკრედიტებულ მედიას პარლამენტში მუშაობა შეეზღუდა

2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” აამოქმედა.

პარლამენტში აღნიშნული მექანიზმი ამოქმედდა „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად.
ამ მექანიზმით, 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეეზღუდა არააკრედიტებულ მედიას.  

აღნიშნული შეზღუდვა დაწესდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს პარლამენტი განიხილავდა კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელსაც საქართველოში უწოდებენ აგენტების შესახებ კანონს.

ეს არ იყო მსგავსი შეზღუდვის პირველი შემთხვევა. როგორც “მედიის ადვოკატირების კოალიცია” წერს, “ყვითელი დონის გამოყენება უკვე დადგენილ პრაქტიკად არის მიჩნეული მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში განიხილება ქვეყნისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები”.

ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა მათ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება დისკრიმინაციად შეაფასეს და 17 აპრილს სახალხო დამცველს მიმართეს. საქართველოს სახალხო დამცველი მომხდარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად”.

ეს შეზღუდვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული პრაქტიკა.