გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტი არ შეუშვეს ქალაქის მერიის საჯარო ღონისძიებაზე

2025 წლის 12 თებერვალს, გამოცემა  „ბათუმელების“ ჟურნალისტი არ დაუშვეს ბათუმის მერიაში უსახლკაროების თემაზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე. როგორც გამოცემა წერს, ამ შეხვედრის შესახებ მათ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა ბათუმის მერიის შესასვლელთან მისულ „ბათუმელების“ ჟურნალისტს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ. გამოცემა შეეცადა, მიზეზი საჯარო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გაერკვია, თუმცა, კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. 

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას’ აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ  „ბათუმელების“ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და მათი კანონიერი უფლებების შეზღუდვა პირდაპირ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებასა და პატიმრობასთან და მიზნად „ბათუმელების“ შევიწროებას ისახავს: “იმით, რომ საჯარო შენობაში კომისიის ღია სხდომაზე ჟურნალისტი არ შეუშვეს, დაცვის პოლიციელებმა და ბათუმის მერიამ დაარღვიეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომელიც მათ საჯარო შენობებში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების შექმნას ავალდებულებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მზია ამაღლობელი, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, პირველი სინდისის პატიმარი ქალი ჟურნალისტია საქართველოში. იგი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს და ედავებიან სამართალდამცველისთვის სილის გაწვნას. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.