2025 წლის 10 აპრილს, ფრანგმა ჟურნალისტმა, კლემენ ჟირარდომ გამოაქვეყნა პოსტი სოციალურ ქსელში, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ჟურნალისტი საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს 2025 წლის 12 თებერვალს. კლემენ ჟირარდო თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედიაგამოცემებთან, როგორებიცაა Le Monde, Society და Al Jazeera. ბოლო თვეების განმავლობაში იგი ხშირად აქვეყნებდა სტატიებს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და მათ ძალადობრივად ჩახშობასთან დაკავშირებით.
“მიუნხენიდან ღამით დაგვიანებული და დამღლელი ფრენის შემდეგ, როცა პასპორტის კონტროლის რიგში ერთ საათზე მეტხანს ველოდე, საქართველოს ტერიტორიიდან გამაძევეს. პოლიციელმა მომცა ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ქვეყანაში შემოსვლა „სხვა მიზეზით“ ამიკრძალეს და მითხრეს, რომ შესაძლოა მომავალში შევძლო დაბრუნება” – დაწერა ჟურნალსიტმა.
კლემენ ჟირარდო ფიქრობს, რომ საზღვარზე შესვლის აკრძალვა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.
“გავიგე, რომ ჩემი სახელი და გვარი შინაგან საქმეთა სამინისტროს „წითელ სიაში“ იყო და ეს აკრძალვა დროებითი არ ყოფილა. ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია და შესაძლოა ვერც ვერასდროს გავიგოთ, თუმცა ეს გადაწყვეტილება უდავოდ უკავშირდება ჩემს საქმიანობას, როგორც ჟურნალისტს” – განაცხადა კლემენ ჟირარდომ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლას უკრძალავენ:
- 2025 წლის 30 მარტს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს იტალიური მედიის NurPhoto ფოტოჟურნალისტს ჟერომ შობოს;
- 2024 წლის 30 დეკემბერს, ბელგიელი ჟურნალისტი ვიტსე დე გეიტერი საქართველოში არ შემოუშვეს;
- 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი;
- 2024 წლის 16 სექტემბერს, ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს.
საქართველოში ჟურნალისტების შესვლის უფლების აკრძალვას გამოეხმაურა პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”. ორგანიზაციამ გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილებები და აღნიშნა, რომ ჟურნალსიტები საპროტესტო აქციების გაშუქების გამო ისჯებიან.
“საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტების ამგვარი შევიწროება” – ნათქვამია განცხადებაში.