2024 წლის 11 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, „TV პირველსა“ და მის ჟურნალისტს, სოფიკო ნიაურს, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძისთვის. ყოფილი საჯარო მოხელე ტელეკომპანიას ცილისწამებისთვის უჩიოდა.
საუბარია სიუჟეტზე, რომელიც ეთერში 2024 წლის 3 თებერვალს გავიდა. ჟურნალისტური მასალა, სახელწოდებით “დაკავებების სერია ქოლ-ცენტრებზე” ეხებოდა თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით დაკავებულებს.
ჟურნალისტი ჩართვაში საუბრობს დაკავებულებზე და კითხულობს დაადებენ თუ არა ისინი ხელს საქმის მთავარ ფიგურანტს, რომელიც დგას ამ ქოლ-ცენტრების უკან: “რომელმაც დააფუძნა ეს კომპანიები და მიანდო კომპანიების მის ნდობით აღჭურვილ პირებს. საუბარია ყოფილ შს მინისტრზე, ალექსანდრე ჭიკაიძეზე” – ამბობს ჟურნალისტი.
მოსარჩელე ამ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
“TV პირველის” იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი გამოცემა “მედიაჩეკერთან” ამბობს, რომ ტელეკომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სასამართლო დავას – „ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ე.წ. SLAPP საქმედ მიიჩნევს.
SLAPP სარჩელები მედიის წინააღმდეგ, პრობლემურად მიაჩნია “მედიის ადვოკატირების კოალიციას”
შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი ასეთი სარჩელი ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ. “TV პირველს” ასევე საჯარო მოხელის, თბილისის მერის სასარგებლოდ უკვე აქვს დაკისრებული 15 000 ლარის გადახდა და ტელეკომპანია უკვე ანგარიშების დაყადაღების მოლოდინშია.