2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი აქციების პერიოდში, მედია არაერთი თავდასხმისა თუ უკანონო შეზღუდვის ობიექტი გახდა. გამოიკვეთა მედიის უკანონოდ დასანქცირების მთელი რიგი შემთხვევები მათ მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მათ შორის, აქციების გაშუქებისას უსაფუძვლოდ გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმება.
28 ნოემბრიდან 11 მარტის ჩათვლით პერიოდში, საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმებულია 17 ჟურნალისტი
- 2025 წლის 9 მარტს, საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით, ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომელი, საავტორო გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი დააჯარიმეს. როგორც ვიდეობლოგში ჰყვება, საჯარიმო ქვითარი მას მაშინ გადასცეს, როდესაც მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად აგარაკიდან თბილისში ბრუნდებოდა
- 2025 წლის 25 თებერვალს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გელა ბოჩიკაშვილს პოლიციის უწყება ჩაბარდა. სამართალდამცველები ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან.
- 2025 წლის 21 თებერვალს “TV პირველის” ოპერატორი და ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი ავტომობილის სავალი გზის უკანონოდ გადაკეტვის გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს, მიუხედავად იმისა, რომ მოსიაშვილმა პოლიციას განუმარტა, რომ აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით იმყოფებოდა.
- 2025 წლის 21 თებერვალს “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტ ნინო წვერავასაც დაუკავშირდნენ. მას 17 თებერვალს “უკანონოდ გზის გადაკეტვას” ედავებიან, მაშინ როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე დაწერა.
- 2025 წლის 20 თებერვალს “სტუდია მონიტორის” კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ნინო შუბითიძემ მიიღო სატელეფონო შეტყობინება 17 თებერვალს პრო-ევროპული აქციის მსვლელობისას გზის უკანონოდ გადაკეტვის გამო ჯარიმის გამოწერის შესახებ. შუბითიძე აქციაზე მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდა. მან საკუთარ ფეისბუკგვერდზე ვიდეო მტკიცებულებები გამოაქვეყნა.
- 2025 წლის 17 თებერვლის აქციის გაშუქებისას, ასევე გზის გადაკეტვას ედავებიან “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს. ამის შესახებ მას 21 თებერვალს აცნობეს სატელეფონი ზარით. მას უთხრეს, რომ 5 000 ლარით დააჯარიმეს პარლამენტთან გზის გადაკეტვის გამო.
- 2025 წლის 19 თებერვალს “პუბლიკის” ჟურნალისტმა, ბასტი მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში იბარებენ უწყების გადასაცემად. როგორც მგალობლიშვილს სატელეფონო საუბრის დროს განუმარტეს, პოლიცია მას 2025 წლის 14 თებერვალს ავტომობილების სავალი გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავება. სტატუსში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ის იღებდა მიმდინარე მოვლენებს, ასევე, მას პრესბარათი ეკეთა.
- 2025 წლის 13 თებერვალს, სამართალდამცველებმა დააჯარიმეს ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ნათია გოგსაძე. მას 2025 წლის 2 თებერვალს, პროევროპულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან. “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნათია გოგსაძეს დაჯარიმების შესახებ ტელეფონით აცნობეს. სატელეფონო საუბრისას საჯარიმო თანხის ოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.
- 2025 წლის 14 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიან “ტაბულას” ჟურნალისტს, ბექა ჯიქურაშვილსაც. “ტაბულას” ცნობით, ჯიქურაშვილსაც ეკეთა პრეს ბარათი და სამუშაო მოვალეობას ასრულებდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც”ტაბულას” ჟურნალისტს სამუშაოს შესრულებისას, ბრალს სდებენ სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაში.
- მიმდინარე წლის 4 თებერვალს სამართალდამცავი ორგანოებიდან დაუკავშირდნენ გამოცემის კიდევ ერთ ჟურნალისტს, ნიკოლოზ ჭირაქაძეს, და შეატყობინეს, რომ 17 იანვარს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყოფნის დროს, მან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რის გამოც მოუწევს სამართლებრივი პროცედურების გავლა.
- “მედია აპრილის” ფოტოკორესპონდენტს, ვახო ქარელს შსს უკანონოდ გზის გადაკეტვას 26 იანვარს ედავება. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, “დადგენილი ფაქტია”, რომ ვახო ქარელი 26 იანვარს იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე. ფოტორეპორტიორის რეპლიკას, რომ ნამდვილად იქნებოდა, რადგან ჟურნალისტია, შსს-ს წარმომადგენელმა ასე უპასუხა: “ეს თქვენ უნდა ამტკიცოთ, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ, რის მიხედვითაც უკვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას”.
- “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, პოლიცია „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება რუსთაველის გამზირზე, 22 იანვარს. იმ დღეს ქევანიშვილი ოპერატორთან ერთად ვიდეოს იღებდა. “დოკუმენტაცია, რომ ის ნამდვილად რადიო თავისუფლების ჟურნალისტია და იმ დღეს რედაქციის დავალებას ასრულებდა, პოლიციაში უკვე წარადგინა. თუმცა, შეტყობინება, შეწყდა თუ არა მის წინააღმდეგ სამართალწარმოება, ჯერ არ მიუღია” – ნათქვამია “რადიო თავისუფლების” სტატიაში.
- 2025 წლის 18 იანვარს, პოლიცია დაჯარიმებით დაემუქრა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, რომელიც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა.
- დავით კეკენაძე, საერთაშორისო მედიაკორპორაციის, „ევრონიუსის“ ჟურნალისტი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა. პოლიცია მას 3 იანვარს გამართულ პრო-ევროპულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავება.
- პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიან „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ალექსანდრე საჯაიასაც, რომელიც სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და გადაწყვეტილებას თვის ბოლოს ელოდება. „გზის გადაკეტვას მედავებიან 4 იანვარს. 3 თებერვალს მქონდა პროცესი, სადაც მივიტანე იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვარ და მაგ დღეს ჟურნალისტურ საქმიანობას ვასრულებდი”. მოსამართლე მანუჩარ ცაცუა იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სპეციფიკური საქმეა და 28-ში გამოვიტან განაჩენსო,“ – ამბობს საჯაია „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
- ფოთის ტელევიზიის “მეცხრე ტალღის” დირექტორი და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარე, გერმანე სალია, დააჯარიმეს 1000 ლარით ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის დროს მანქანით გადაადგილების გამო. როგორც თავად სალია აცხადებს, ის მსვლელობას ესწრებოდა როგორც ჟურნალისტი, მასალის მომზადების მიზნით. სამი დღის შემდეგ, ფოთიდან ზუგდიდისკენ მიმავალი სალია გააჩერა საპატრულო პოლიციამ და აცნობა, რომ მისი მანქანა ძებნაზე იყო გამოცხადებული 2024 წლის 13 დეკემბრის აქციაში მონაწილეობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მან განუმარტა პოლიციელებს თავისი პროფესიული მოვალეობის შესახებ, სალიას ჯარიმა მაინც დააკისრეს.
- 2024 წლის 10 ნოემბერს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო ედავება პოლიცია. ჩადუნელის საქმე სასამართლოშია გადაგზავნილი, თუმცა ამ დღეომდე პროცესი არ გამართულა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ავტომობილის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტისთვის ჯარიმა 5 000 ლარამდე გაიზარდა.
Update: “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტებს ნინო წვერავას და ნინო შუბითიძეს 5 000 – 5 000 ლარიანი ჯარიმები მოუხსნეს, მაშ შემდეგ რაც ჟურნალისტებმა წარადგინეს დამატებითი დოკუმენტაცია, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.