საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კიდევ სამ თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური სანქცია

2025 წლის 17 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მენეჯმენტმა, დისციპლინური სანქციები დააკისრა მაუწყებლის კიდევ სამ თანამშრომელს, რომლებიც აკრიტიკებენ არხის ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას. ეს თანამშრომლები არიან: გადაცემა”რეალური სივრცის” რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, “შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელი პროდიუსერი თამარ ჭინჭარაული და “შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტი ანა აბაკელია. ბრძანებებს, რომელიც არხის თანამშრომლებმა მიიღეს, მაუწყებლის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი აწერს ხელს.

არხის მენეჯმენტმა თანამშრომლებს დარღვევად ჩაუთვალა “საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება”. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მისი მოქმედების ვადა ერთი წელია. თუ ამ დროის განმავლობაში  თანამშრომლები არხის კრიტიკას გააგრძელებნ, მათ სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ.

მსგავსი სანქცია საზოგადოებრივ მაუწყებელში უკვე 7 ჟურნალისტს გამოუცხადეს. 11 აპრილს საყვედური  მიიღეს რეალური სივრცის“ ჟურნალისტმა თამარ მშვენიერაძემ  და წამყვანმა იოსებ კაციტაძემ. ასევე, არხის პულტის რეჟისორმა და შეთავსებით სპორტული გადაცემის რეჟისორმა კახაბერ მელიქიძემ და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორმა ირმა ჩუბინიძემ. ამავე დღეს, არხის ორი წამყვანი სახე, ჟურნალისტები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს