საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მენეჯმენტმა, დისციპლინური სანქციები დააკისრა მაუწყებლის ოთხ თანამშრომელს, რომლებიც აკრიტიკებენ არხის ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას.
ეს თანამშრომლები არიან: გადაცემა „რეალური სივრცის“ ჟურნალისტი თამარ მშვენიერაძე და წამყვანი იოსებ კაციტაძე. პულტის რეჟისორი და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი, კახაბერ მელიქიძე და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი, ირმა ჩუბინიძე.
დოკუმენტი, რომელშიც სანქციაზეა საუბარი, იოსებ კაციტაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მას ედავებიან „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებას და ამის შედეგად დამსაქმებელისთვის რეპუტაზიული ზიანის მიყენებას”. თუ კაციტაძე მომდევნო 12 თვის განმავლობაში მსგავსს კიდევ ჩაიდენს, მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ. სავარაუდოა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება, კრიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ელის დანარჩენ სამ თანამშრომელსაც.
იოსებ კაციტაძე, თამარ მშვენიერაძე და ირმა ჩუბინიძე არიან მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” წევრები და ბოლო თვეებია საუბრობენ არხზე არსებულ პოლიტიკურ გავლენებზე. კახაბერ მელიქიძემ 2025 წლის 3 თებერვალს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საჯაროდ განაცხადა, რომ არხის მენეჯმენტი მის სარედაქციო საქმიანობაში ერეოდა და მატჩების მიმდინარეობისას თანამდებობის პირების ეთერში არაერთხელ ჩვენებას სთხოვდა.
დღეს, 11 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა არხის წამყვანი სახეები, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომლებიც ასევე აკრიტიკებდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას.