2025 წლის 11 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გაათავისუფლეს წამყვანი სახეები, ჟურნალისტები: ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი. გათავისუფლების საფუძვლად ჟურნალისტებს დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს.
“მოკვლევის დოკუმენტის მიხედვით, დღეს დირექტორთა საბჭომ იმსჯელა და მიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავეთავისუფლებინე სამასახურიდან”, – ამბობს ივანოვ-ჩიქოვანი.
“დისციპლინური მოკვლევა ახსენეს, რის საფუძველზეც გამიშვეს სამსახურიდან, ოღონდ დისციპლინური მოკვლევის შედეგები ჩემთვის არავის არ გაუცნია”, – ამბობს ნინო ზაუტაშვილი.
ორივე ჟურნალისტი ბოლო რამდენიმე თვეა აკრიტიკებს არხის “ქართული ოცნების” მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას. ასევე, ორივე მათგანი ჩართულია მოძრაობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”, რომელიც აკრიტიკებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებსა და სარედაქციო პოლიტიკას და საუბრობს პოლიტიკურ გავლენებზე მაუწყებელში.
გათავისუფლებული ჟურნალისტები აკრიტიკებდნენ არხის სამეურვეო საბჭოსაც, რომლის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე თავმჯდომარემ თქვა, რომ პროკურატურა მათი საქმიანობით უნდა დაინტერესდეს. პარალელურად “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალურმა მედიებმა ჟურნალისტების მადისკრედიტირებელი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ისინი “უკანონო შემოსავლების” მიღებაში არიან შემჩნეული.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” წამყვანი იყო. ნინო ზაუტაშვილს კი ჰქონდა საავტორო გადაცემა “რეალური სივრცე”. 2025 წლის 4 თებერვლიდან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 18:00 საათიანი “მოამბე” აღარ მიჰყავდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მას უთხრეს, რომ პროდუსერს აღარ სურდა მასთან მუშაობა. რაც შეეხება ნინო ზაუტაშვილის გადაცემას “რეალური სივრცე”, რომელიც ფოკუსირებული იყო სოციალურ თემებზე და გამოირჩეოდა “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული პოზიციით, ბოლო პერიოდში ის მხოლოდ რადიოეთერით გადიოდა, მიზეზად ჟურნალისტს ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლის სამუშაოებსა და შესაბამისი სტუდიის არარსებობას უსახელებდნენ.