2025 წლის 21 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა, საბჭოს სხდომაზე, პროკურატურას მიმართრეს დაინტერესდეს არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილისა და კახა მელიქიძის საქმიანობით,
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები პროკურატურისგან ითხოვენ, გამოიძიონ არხის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიერ მაუწყებლის „უსაფუძვლოდ დადანაშაულების“ ფაქტები..
„მიზანშეწონილი მგონია, რომ პროკურატურამ შეისწავლოს ეს საკითხი, რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს და რატომ არის ეს ამბები ერთმანეთთან გადაბმული. ეს თუ ჩვენ ასე არ გავაკეთეთ, განუწყვეტელი პროვოკაციები იქნება. ეს ასე არ უნდა დარჩეს და სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული. ეს არის სახელმწიფო რესურსების პირადი, პოლიტიკური და შეიძლება ფინანსური გამოყენება, ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილები გამოხატა, ეს უნდა იქნას გამოძიებული“,- განაცხადა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს – “ეს არის უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე და პირდაპირი მუქარა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და ივანიშვილის რეჟიმს პროპაგანდასა და ძალადობაში ამხელენ”.
უწყვეტი პროევროპული აქციების პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ტარდება საპროტესტო აქცია არხის მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები და თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი, მიმდინარე პროტესტის სათანადოდ გაშუქების გამო ეთერს ითხოვენ. არხის ხელმძღვანელობა კრიტკულად განწყობილმა მოქმედმა და ყოფილმა თანამშრომლებმა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ პროპაგანდაში არაერთელ ამხილეს.