საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა რადიო გადაცემების – „შუადღის პიკისა“ და „საღამოს პიკის“ პროდიუსერის ასისტენტს, ანა მეტრეველს, – თანამშრომელს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდა.
ანა მეტრეველი „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მთავარ პროდიუსერთან შეთანხმების გარეშე მიიღო. ის ამ გადაწყვეტილებას მის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს. ანა მეტრეველი არის ორგანიზაცია “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” წევრი. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა გაერთიანება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპების დასაცავად იბრძვის.
ხელშეკრულების არგაგრძელების ოფიციალურ მიზეზად ანა მეტრეველს ხარჯთა ოპტიმიზაცია დაუსახელეს. ანამ გაასაჯაროა მისი ხელფასი, რომელიც ხელზე 490 ლარს შეადგენდა.
ბოლო პერიოდში, ეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მომხდარი უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა. შეგახსენებთ, 2025 წლის 4 თებერვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, 18 საათიანი მოამბის წამყვანს, ჟურნალისტს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, დროებით შეუჩერა გადაცემის წაყვანის უფლება. ჟურნალისტი ასევე აკრიტიკებდა არხის სარედაქციო პოლიტიკას.